საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მაღალი რანგის შეხვედრები ჩინეთის დედაქალაქში დღესაც გაიმართა, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ქალაქ სიანში გაემგზავრა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს, ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მხრიდან იყო გამოხატული სურვილი, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სხვა ეტაპზე გადაყვანის. ნინო წილოსანის თქმით, ჩინეთი საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორად განიხილავს.
"უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა. ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მხრიდან, რომელიც არის შალვა პაპუაშვილის კოლეგა, იყო გამოხატული სურვილი და კიდევ ერთხელ დადასტურება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადაყვანის, რა თქმა უნდა, როგორც საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ასევე - ყველა სექტორული მიმართულებით. ჩინეთი საქართველოს განიხილავს თავის ეკონომიკურ პარტნიორად. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც შეუერთდა "ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივას" ჩინეთის მხრიდან და ამან მოიტანა ორმხრივი სარგებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი ფუნქცია, რაც გულისხმობს აზიის და ევროპის დაკავშირებას ძლიერი მოტივებით შევასრულოთ, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ყველა ის აუცილებელი ლოჯისტიკური მიმართულება, რომელიც ამ იდეისთვის არის საჭირო", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა მის ჩინელ კოლეგას და სახალხო კონგრესის წარმომადგენლებს. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავება და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება იყო. ეს არის ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ჩინეთში.