06 აგვისტო 2026,   03:20
ვრცლად
პოლონელი დეპუტატი კშიშტოფ ბრეიზა თავს ამჯერად ქართულ მართლმსაჯულებას ესხმის - ევროპის სახალხო პარტიის წევრი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებით გაასამართლეს

საქართველოს ხელისუფლებასა და დამოუკიდებელ მედიებზე თავდამსხმელი პოლონელი დეპუტატი კშიშტოფ ბრეიზა ახლა თავს ქართულ მართლმსაჯულებასაც ესხმის. ევროპის სახალხო პარტიის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებით, ლეხ კაჩინსკის დაკრძალვისთვის ნაყიდი თაიგულის გამო გაასამართლეს. ეს მაშინ, როცა გამოძიებით და პროკურატურის მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტი, პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის, მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სახელმწიფოს თანხებს, არა ქვეყნისთვის, არამედ პირადი სიამოვნებისთვის ხარჯავდა. ამ ფონზე კი, ევროპარლამენტარის განცხადება, შალვა პაპუაშვილისთვის დღევანდელი ევრობიუროკრატიის კიდევ ერთი ლუსტრაციაა.

კშიშტოფ ბრეიზა იმ ევროპარლამენტარებს შორისაა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას უაპელაციოდ აკრიტიკებენ, ოპოზიციას კი მხარდაჭერას უცხადებენ.

პოლონელი დეპუტატი EPP-ის 2 სხვა წევრთან ერთად 3 ქართული მედიასაშუალების დასანქცირებასაც ითხოვს. დამოუკიდებელი ტელევიზიების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას კშიშტოფ ბრეიზასთან ერთად, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი ელენე მეტრეველი ლობირებს.

ევროპარლამენტარის განცხადებას იზიარებენ და ეთანხმებიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებიც ამტკიცებენ, რომ არაერთ საქმეში დამნაშავედ ცნობილი მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოა.

არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტარებისგან მიხეილ სააკაშვილის დაცვა არ უკვირს სახელმწიფო მინისტრს. მამუკა მდინარაძის თქმით, ექსპრეზიდენტი საქართველოში სწორედ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებდა. პრემიერის თქმით კი, ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც დამოუკიდებელ მედიებს უპირისპირდება, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტატუსი გუშინ გამოაქვეყნა.

ავტორი: ნანა გოგოტაძე

დღის ამბები