საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და მისი ჩინელი კოლეგის შეხვედრის მთავარი თემა.
ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ჭაო ლე ძი, ორ ქვეყანას შორის არსებულ 35-წლიან დიპლომატიურ კავშირებს აფასებს და მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტთან ერთად, სტრატეგიული პარტნიორობისა და ტრადიციული მეგობრობის განსამტკიცებლად იმუშაოს.
"დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან გასული 35 წლის განმავლობაში, ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი სარგებლის სულისკვეთებით ავითარებდნენ თანამშრომლობას. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობები თანმიმდევრულად და სტაბილურად განვავითარეთ და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან და ნაყოფიერ შედეგებს მივაღწიეთ.
ბოლო წლებში, ორი ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის პირობებში, ჩინეთმა და საქართველომ დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა, რის შედეგადაც ორმხრივი ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.
ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული კონგრესი მზად არის, საქართველოს პარლამენტთან ერთად იმუშაოს ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების განხორციელებაზე, გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობის განმტკიცება, გააძლიეროს გაცვლითი და თანამშრომლობითი ურთიერთობები და კიდევ უფრო გაამდიდროს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი," - აცხადებს ჭაო ლე ძი.
პეკინში მყოფი ქართული დელეგაცია მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილი სახალხო კონგრესის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრსა და ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.