დანიაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალადობრივი დარბევისა და ამ ფაქტზე საერთაშორისო საზოგადოების დუმილის ფონზე, თბილისში ევროპის მხრიდან ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით მიდგომებზე საუბრობენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, მსგავსი დაუნდობელი მეთოდები ევროპისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს, ხოლო საქართველოს მიმართ დასავლეთის კრიტიკა კონკრეტული პოლიტიკური მიზნებითაა განპირობებული, რადგან ჩვენი ქვეყანა ე.წ. ომის პარტიისთვის მოუხერხებელ პარტნიორს წარმოადგენს.
"დანია ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელიც ასეთი ხისტი მიდგომებით უსწორდება მომიტინგეებს. გასაგებია, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო - მაგრამ ასეთი დაუნდობელი მეთოდებით, როგორიცაა ძაღლების გამოყენება, ცხენოსანი პოლიციის გამოყენება, ეს ევროპისთვის აღარ არის უკვე სიახლე.
ეს ინტენსიური შემოტევა საქართველოსთვის გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თავად რას აკეთებენ და როგორ იქცევიან. პოლიტიკა არის ჩამოყალიბებული საქართველოს მიმართ, ვინაიდან გარკვეული პოლიტიკური მიზნები გააჩნია ევროპულ ქვეყნებსაც და არამარტო. ომის პარტია ჯერ კიდევ ბობოქრობს და საქართველო, როგორც ხელის შემშლელი ამ პროცესის განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში, წარმოადგენს მოუხერხებელ პარტნიორს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს კოპენჰაგენში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა, რის შედეგადაც დაშავდნენ აქტივისტები და დააკავეს 20-ზე მეტი პირი. მომხდარზე განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია ევროკავშირს, ადგილობრივ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.