ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, პეკინში გამართული შეხვედრები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ემსახურება.
"ჩვენი ვიზიტი ემსახურება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. იმ პირობებში, როდესაც ჩინეთი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, როგორც ეკონომიკური, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით, საქართველოსთვის ის განსაკუთრებულად საინტერესო ქვეყანაა თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვართ "ერთი სარტყელი - ერთი გზის" პროექტის მონაწილე, რომელიც ასევე ჩინეთის მხარის ინიციატივაა და ქვეყნებს, რომლებიც ამ იდეასა და პროექტში მონაწილეობენ, ეკონომიკურად და ლოჯისტიკურად აკავშირებს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფაქტორია," - აცხადებს ნინო წილოსანი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია, ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ეს, ბოლო 20 წლის განმავლობაში, პეკინში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური ვიზიტია.