27 ნოემბერი 2026,   03:27
ვრცლად
პატრიარქი შიო III: ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა ილია მეორემ დააწესა. პირველად ვხვდები ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი სულიერი მემკვიდრეობა

"სიმბოლურია, რომ დღე ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარ ხსენებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს, პირველად ვხვდები ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, დღევანდელი ქადაგებისას, სამების ტაძარში განაცხადა.

მისივე თქმით, წლევანდელი წელი იმითაც არის გამორჩეული, რომ საქართველო სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების 1700 წელს ზეიმობს.

"წლევანდელი წელი იმითაც არის გამორჩეული, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების 1700 წელს ვზეიმობთ. ძვირფასო სტუმრებო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უახლეს მომავალში მოგიწვიოთ ამ თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, რათა ქრისტეს მიერ ერთობით, ვიდღესასწაულოთ ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა.

სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარ ხსენებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს, პირველად ვხვდები ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა. ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა,რომელთაც იგი მთელი თავის მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში.

რა თმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა. ქრისტიანული სწავლება ოჯახს მოიხსენიებს მცირე ეკლესიად, იმ სულიერ სივრცედ, სადაც წმინდა იოანე ოქროპირს თუ დავესესხებით, მკვიდრობს უფალი და სადაც, თავგანწირვით, სიყვარულით ერთმანეთისთვის ლოცვით ვიზრდებით სულიერებაში", - აღნიშნა ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ.

დღის ამბები