18 ივნისი 2026,   13:05
ვრცლად
დანიაში საპროტესტო აქცია პოლიციამ ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლების გამოყენით დაშალა - "ქართული ოცნება" ორმაგ სტანდარტზე საუბრობს

დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა. სამართალდამცველების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად არაერთი აქტივისტი დაშავდა, 20-ზე მეტი კი დაკავებულია. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება დანიური გადამზიდი გიგანტი კომპანიის Maersk-ის სათაო ოფისთან ბლოკადას მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვაში დახმარებას აპროტესტებდნენ. ბლოკადას პოლიციამ არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა. დანიური მედიის ინფორმაციით, გადამეტებული ძალა პრესის წინააღმდეგაც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

სამართალდამცველები კრიტიკას არ იღებენ. კანონდამრღვევი აქტივისტების გაცილებით მკაცრად დასჯის მომხრე არიან პარტია "დანიის დემოკრატებში", სადაც ფიქრობენ, რომ დაუმორჩილებელი მომიტინგეების წინააღმდეგ ახალი, მკაცრი რეგულაციებია მისაღები.

დანიაში პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრის დროს "ქართული ოცნება" ოფიციალური კოპენჰაგენის ორმაგ სტანდარტზე აკეთებს აქცენტს. დანიას, რომელიც საქართველოს დემოკრატიის ხარისხს უწუნებს, ახლა დემოკრატიული პრინციპების უარყოფაში საკუთარი მოქალაქეები სდებენ ბრალს.

დანიის მაგალითი საპარლამენტო უმრავლესობისთვის იმ დამოკიდებულების ლუსტრაციაა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ზოგიერთ სახელმწიფოს გააჩნია. მათ შორისაა დანიაც, რომლის ელჩიც საქართველოს ხელისუფლებას აღებული კურსის ცვლილებისკენ მოუწოდებდა, საგარეო უწყება კი აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდა.

საქართველოს კრიტიკით დანიელი დიპლომატები მხოლოდ სოციალურ ქსელში არ იყვნენ დაკავებული. არქივი იმ განცხადებებსაც ინახავს, რომელსაც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტში აკეთებდა.

საქართველოს მიმართ დანიის დამოკიდებულება ოპოზიციისთვის არა კრიტიკა, არამედ მხარდაჭერაა. კოპენჰაგენში აქტივისტების წინააღმდეგ გადამეტებულ ძალაზე საუბარს დღეს ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობამ თავი აარიდა. ნაწილი კი მაინც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიდგომა გადაჭარბებულ ძალაზე, საქართველოსგან განსხვავებულია.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ქვეყანა, რომელიც წლებია დემოკრატიაზე საუბრობს და მის დაცვას სხვა სახელმწიფოებს უწუნებს, ყველაზე არადემოკრატიულად იქცევა და საკუთარ მოქალაქეებს ძალის გადამეტებით და არაპროპორციული საპოლიციო საშუალებებით არბევს.

საქართველოს მიმართ მიკერძოებულ და არაობიექტურ მიდგომაზე მმართველ პარტიას ახლაც და წარსულშიც შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. საქართველოში დანიის ელჩს განმარტებების გაკეთება საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მოუწია.

დღის ამბები