ქალაქი ალიკანტე, დილის საათები - ქართველი სამართალდამცველები კრიმინალური დაჯგუფების ქართველი წევრების ასაყვანად მობილიზდნენ.
სპეცოპერაცია სახელწოდებით "ქაჩაბა," ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულები არიან კრიმინალური დაჯგუფების ქართველი და ესპანელი წევრები - სულ 13 პირი.
ცამეტივე საშიშ დამნაშავეთა სიაში იყო და მათ დასაკავებლად ქართველ და ესპანელ სამართალდამცველებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება დასჭირდათ. ბინებში შესვლისას პოლიციამ სპეცაღჭურვილობა გამოიყენა.
კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაკავებაზე ესპანეთის ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და ქართველ სამართალდამცველებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გასაჯაროვდა სქემა, რომლითაც კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებდა. ირკვევა, რომ ქართველ და ესპანელ კრიმინალებს ძარცვის დროს ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ. ქართველები ბინებში შედიოდნენ, გამოჰქონდათ ძვირფასეულობა, ტექნიკა და სხვა ძვირადღირებული ნივთები, ნაძარცვს კი ესპანელები ყიდდნენ და შემდეგ თანხას ინაწილებდნენ. დაჯგუფება ორ ნაწილად იყო დაყოფილი - მზვერავები და შემსრულებლები.
სპეცოპერაცია "ქაჩაბას" მასშტაბებზე ვრცელი განცხადება ესპანეთის ეროვნული პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. უწყების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრების დაკავებაში განსაკუთრებული როლი ქართველ სამართალდამცველებს აქვთ.
ოქროს ზოდები, მაჯის საათები, სამკაულები, სუნამოები, ტექნიკა და ფული - ნაძარცვის ნაწილი, ოფიციალური ინფორმაციით, ამოღებულია და დაზარალებულებს უკან დაუბრუნდათ.
ჩხრეკისას ამოღებულია ის ხელსაწყოებიც, რომლითაც კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებში შედიოდნენ. ნივთმტკიცებებს შორისაა მექანიკური ხელსაწყოები და ლითონის ჩხირები საკეტების გასაღებად.
გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავეები ისეთ მოწყობილობებს იყენებდნენ, რომლებიც ვიზუალურ კვალს არ ტოვებდა და ბინის მეპატრონეები ძარცვის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებდნენ, როდესაც კუთვნილ ნივთებს ვეღარ პოულობდნენ.
13-კაციან დაჯგუფებას საერთაშორისო კრიმინალურ წრეებში მოკავშირეებიც ჰყავდა. მათი დახმარებით ნაძარცვ ნივთებს დროულად ყიდდნენ. ირკვევა, რომ დაჯგუფების წევრები მუდმივად ცდილობდნენ სამართალდამცველებისთვის კვალი აერიათ, ამისთვის ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ მისამართებს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ "მოგზაურ კრიმინალებსაც" უწოდებდნენ.
მათ კვალზე ქართველი და ესპანელი სამართალდამცველები ერთწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად გავიდნენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთში აქტიურად იყვნენ ჩართულები დამნაშავეების ადგილსამყოფლის დადგენისა და შემდეგ უკვე მათი დაკავების პროცესში.
საერთაშორისო სპეცოპერაცია "ქაჩაბა" ესპანურ მედიაში დილიდან აქტუალური თემაა. ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ერთობლივ მუშაობაზე მომზადდა რეპორტაჟები, პრესაში კი კრიმინალური დაჯგუფების დაკავებაზე არაერთი ვრცელი სტატია დაიწერა.