"ქართული ოცნება" დანიის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. ოფიციალური კოპენჰაგენი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა, ახლა თავად გახდა კრიტიკის ობიექტი.
დანიის დედაქალაქში განვითარებულ პროცესებს, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა.
"საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, რაც თავიანთ ქვეყანაში დაშვებულია, ჩვენთვის არის აკრძალული. ეს ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ. ჩვენ არ შეგვიძლია, თურმე, ჩვენი არჩევნების დაცვა, თურმე, არ შეგვიძლია, დავიცვათ სახელმწიფო ინსტიტუტები, როცა შტურმით უტევენ, ცეცხლს რომ უკიდებენ პოლიციელებს, თურმე, არ გვაქვს უფლება პოლიციელების დაცვის. ეს ვნახეთ და არ გვიკვირს, თუმცა სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში ჩნდება ნიჰილიზმი და ნეგატიური დამოკიდებულება ამ ქვეყნების მიმართ, როდესაც ისინი უსამართლოდ აკრიტიკებენ საქართველოს.
საქართველოში მაგის მეათედი რომ მომხდარიყო, მე მხოლოდ წარმომიდგენია, რა იქნებოდა რეაქცია ბრიუსელიდან თუ სხვა დედაქალაქიდან. კარგად გაერკვნენ, რა ხდება საქართველოში, როგორ არის დაცული კანონის უზენაესობა ყველასთვის. შეადარონ - რას აკეთებ საქართველო და რას აკეთებენ თვითონ თავიანთ ქვეყანაში," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
დანიაში პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქტივისტების დასაშლელად, გაწვრთნილი ძაღლები და ხელკეტები გამოიყენა. დაპირისპირება "მერსკის" შტაბ-ბინასთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქტივისტთა ჯგუფმა კომპანიის შენობის ბლოკირება სცადა. პოლიციამ ადგილზე 20 ადამიანი დააკავა. აქტივისტები სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, პოლიცია კი მიიჩნევს, რომ ძალის გამოყენება აუცილებელი იყო. პარტია "დანიის დემოკრატები" ჯარიმების გაზრდის და უფრო მკაცრი ზომების მიღების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.