საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, მუქარა და შანტაჟი, რაც ხშირად რეზოლუციებში აისახება, რეალურად საქართველოში გავლენების გაძლიერების მცდელობაა. გავლენების მოპოვებას უკავშირდება ტელეკომპანია "იმედისთვის" ერთი წლით ევროპარლამენტში მუშაობის აკრძალვა და, ასევე, "იმედისთვის", "პოსტივისა" და "რუსთავი 2-სთვის" შემზღუდავი მექანიზმების ამოქმედების მოთხოვნა. პროცესის სათავეში კი ის პირები დგანან, რომელთა რეპუტაციაც მათსავე სამშობლოში კითხვის ნიშნებს ბადებს.
ვინ ითხოვს ქართული მედიის დასჯას? ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ მიიღო რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში, რომელშიც მარიუშ კამინსკიმ და მალგოჟეტა გოშევსკამ სპეციალური შესწორება შეიტანეს. ისინი ქართული დამოუკიდებელი მედიების შეზღუდვას ითხოვენ. თუმცა, პოლონეთის სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებების მასალებით დგინდება, რომ თავად ინიციატორები არაერთ მძიმე დანაშაულში ფიგურირებენ.
მარიუშ კამინსკის, რომელიც პოლონეთის ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდა, ევროპარლამენტმა იმუნიტეტი ერთხელ უკვე მოუხსნა, ახლა კი დღის წესრიგში მეორედ გაუქმება დგას. კამინსკი ორჯერ იყო დაპატიმრებული. მას სასამართლომ 2 წლით პატიმრობა, უფლებამოსილების გადამეტების, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულის ინსპირაციისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის მიუსაჯა.
მის სახელს უკავშირდება "მიწის ნაკვეთების საქმე" - ვიცე-პრემიერ ანჯეი ლეპერის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია, რამაც ლეპერის თვითმკვლელობა გამოიწვია. გარდა ამისა, კამინსკი ფიგურირებს "პეგასუსის" სკანდალში - ჯაშუშური პროგრამით ის ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებს უკანონოდ უსმენდა, მოპარულ მასალებს კი დისკრედიტაციისთვის იყენებდა.
არანაკლებ სკანდალურია მალგოჟეტა გოშევსკას საქმიანობა. პოლონეთის საგადასახადო ადმინისტრაცია მას სახელმწიფო რესურსების არასათანადო გამოყენებას ედავება. დოკუმენტებით დგინდება, რომ დეპუტატმა საწვავის ხარჯის ასანაზღაურებლად იმდენი თანხა გამოიტანა, თითქოს 250 ათასი კილომეტრი განვლო, რაც იმას უდრის, რომ დედამიწას 6-ჯერ შემოუარო. გოშევსკას სახელს უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის პალატიდან ბიოლოგიური მასალის ფარულად გატანის მცდელობაც, რაშიც მისი უწყების თანამშრომელი მონაწილეობდა. დღეს კი გოშევსკა, რომელსაც პოლონეთში თაღლითობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს იზოლაციასა და მედიის დასჯას ითხოვს.
"შეკვეთილი სანქციების ანატომია", სადაც კრიმინალურ საქმეებში გახვეული ბიუროკრატები საერთაშორისო ავტორიტეტით საკუთარი პრობლემების გადაფარვას და სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლას ცდილობენ, არ აკვირვებთ მმართველ გუნდში. ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში მუშაობის შეზღუდვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. უკვე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კი შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა ევრობიუროკრატების მიზნებზე - დამოუკიდებელი მაუწყებლები მაქსიმალურად შეავიწროონ და ამით საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენა მოახდინონ.
ევროპარლამენტარების დანაშაულებრივ საქმიანობაზე საუბარი არ სურთ ოპოზიციაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებები საერთოდ არ უკავშირდება იმ ადამიანებს, ვინც მათ იდეებს აინიცირებს. გახარიას პარტიაში კი, მათ კრიმინალურ წარსულს გადაცდომებს უწოდებენ.
მიმდინარე პროცესს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატების განცხადებით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და დამოუკიდებელი ტელევიზიებისთვის მუქარის შემცველი რეზოლუციის გავრცელება ნათლად აჩვენებს ბრიუსელის დღევანდელ პოლიტიკას: უაპელაციოდ დასაჯოს ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და რეალობას ფართო აუდიტორიას აჩვენებს.
საქართველოს შესახებ რეზოლუცია ევროპარლამენტში სააკაშვილის მხარდამჭერმა რასა იუკნევიჩიანემ დააინიცირა. დამოუკიდებელი ქართული ტელეარხების წინააღმდეგ შემზღუდავი მექანიზმების ამოქმედების ინიციატივით კი, ის პირები გამოვიდნენ, რომელთაც საკუთარ ქვეყანაში არაერთი სისხლის სამართლის დანაშაულის გამო პოლიტიკური საქმიანობა ან აკრძალული აქვთ, ან უბრალოდ ხალხის ნდობით აღარ სარგებლობენ.