04 აგვისტო 2026,   08:13
ვრცლად
რასმუსენი არ გამოირჩევა დიდი სიმპათიით საქართველოსადმი. მისი ორგანიზაცია რომ ასეთ კვლევას დადებს, სადაც ობიექტურობის ნიშნებია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ სიმართლეა - თენგიზ შარმანაშვილი

დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის კვლევების მომზადების დროს, ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა ობიექტურობის დაცვაა.

"რასმუსენი არ გამოირჩევა ძალიან დიდი სიმპათიით საქართველოსადმი. მისი ორგანიზაცია რომ ასეთ კვლევას დადებს, სადაც ობიექტურობის ნიშნებია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს სიმართლეა. ვერავინ ვერ დააბრალებს რასმუსენს რომ ქართულ სახელმწიფო განწყობილებას.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ასეთი ტიპის კვლევები ასეთ დადებით შედეგებს იძლევა საქართველოსთვის, მერე აღმოჩნდება ხოლმე ასეთ რეზოლუციებში და სხვადასხვა ევრობიუროკრატების განცხადებებშიც ამის საპირისპირო. ზუსტად ამას ვითხოვთ ჩვენ, ჩვენი მოთხოვნა სხვა არაფერია, ობიექტურად მოგვექცნენ, სხვა რამ არ გვინდა. თუ რამე შენიშვნები აქვთ, დასხდნენ ჩვენთან ერთად და გავიაროთ. აღქმები კი არა, ფაქტები გავიაროთ," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი. 

ცნობისთვის, კვლევა NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ დაფუძნებულმა "დემოკრატიების ალიანსმა" გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა დადებითად არის შეფასებული. საქართველო ლიდერ პოზიციას იკავებს არჩევნების გავლენის თვალსაზრისითაც - ამ კომპონენტში ის ევროპისა და ნატოს ქვეყნების საუკეთესო სამეულშია. გლობალური აღქმის ინდექსი 46 ათასზე მეტი რესპონდენტის შეფასებას ეფუძნება. რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზეა და პოზიტიური განწყობებით მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირს, ნატოსა და გაეროს. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ დემოკრატიაზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება, საქართველო კი ამ მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო შედეგებს აჩვენებს.

 

 

დღის ამბები