საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტიდოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
განცხადების თანახმად, დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი.
"კავშირი დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტიდოპინგური განათლების მიმართულებით.
პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს მსოფლიო რაგბისთან. ანტიდოპინგური განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, გატარებულია გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები.
საქართველოს რაგბის კავშირი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, ქართულ რაგბში ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი", - წერია განცხადებაში.