05 აგვისტო 2026,   22:11
ვრცლად
საქართველოს დღეიდან ახალი, 142-ე პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III ჰყავს - შიო მუჯირი გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდმა ქართული ეკლესიის მესაჭედ 22 ხმით აირჩია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. ქვეყანას 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე ჰყავს. მე-14 გაფართოებული კრების გადაწყვეტილებით, დღეიდან ილია მეორის ყველა ტიტული - უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი-მიტროპოლიტ შიო მუჯირს გადაეცა.

ქართული ეკლესიის მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ მთელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ, პირველად, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტის, ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარის, ანანია ჯაფარიძისგან შეიტყო.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მემკვიდრე დღეს ილია მეორის კურთხეულ ტაძარში აირჩიეს. ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც 39-მა მღვდელმთავარმა 1200 დელეგატის წინაშე, 3-საათიანი სხდომისა და ფარული კენჭისყრის პრინციპით მიიღო, 3 საათსა და 59 წუთზე გამოცხადდა. ამის შემდეგ კითხვა მღვდელმთავრების მიერ გამორჩეულ მიტროპოლიტ შიოს დაუსვეს.

შიო მესამე - კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ სიცოცხლეშივე გამორჩეული მოსაყდრე, 2003 წლიდან სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლი, იმავე წელს ეპისკოპოსად კურთხეული, 2009 წლიდან მთავარეპისკოპოსი, 2010 წლიდან კი მიტროპოლიტი და პატრიარქის ქორეპისკოპოსი - 22 მღვდელმთავრის გადაწყვეტილებით, ახლა უკვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. ქართული ეკლესიის მესაჭემ, რომელიც ბერად 1993 წელს აღიკვეცა და დღეიდან საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესიის წინამძღოლია, პატრიარქად არჩევის შემდეგ დღეს პირველი სიტყვა წარმოთქვა.

საქართველოს 142-ე პატრიარქმა ვრცლად ისაუბრა იმ დიდ პასუხისმგებლობაზეც, რომელიც მე-14 გაფართოებული კრების გადაწყვეტილებით მას, როგორც ერის სულიერ მამას, დაეკისრა.

ქართული ეკლესიის მე-14 გაფართოებული კრება 1995 წელს, მე-13 კრებაზე მიღებული მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად და წინასწარ გაწერილი პროტოკოლით ჩატარდა. გამჭვირვალედ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით ჩატარებული საპატრიარქო არჩევნების შედეგები საზოგადოებას ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, მეუფე ანანიამ გააცნო.

კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე მღვდელმთავრებით დაკომპლექტებული ხმის დამთვლელი კომისიის წევრებმა საარჩევნო ყუთი 3 საათზე დალუქეს. პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

საპატრიარქო არჩევნებისთვის დაბეჭდილი ბიულეტენები, სადაც სამი კანდიდატის სახელი, გვარი და სტატუსი იყო დატანილი, მხოლოდ ხმის უფლების მქონე მღვდელმთავრებს გადაეცათ. 39 ეპისკოპოსიდან მიტროპოლიტ შიოს მხარი 22 მღვდელმთავარმა დაუჭირა, მეუფე იობს - 9-მ, მეუფე გრიგოლმა კი 7 ეპისკოპოსის ხმა მიიღო. სპეციალურ კონვერტებში მოთავსებული ბიულეტენები ტაძრის ცენტრალურ ნაწილში, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში შეგროვდა. საკუთარი არჩევანი ჯერ საპატრიარქო კანდიდატებმა, შემდეგ კი ქიროტონიით უპირატესმა მღვდელმთავრებმა გააკეთეს.

კენჭისყრამდე სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა სინოდმა და დელეგატებმა სამი კანდიდატი მღვდელმთავრის - მიტროპოლიტ შიოს, მეუფე იობისა და მეუფე გრიგოლის პროგრამა და ხედვები მოისმინეს. მათ შემდეგ კი საკუთარი პოზიცია 3-მა დელეგატმა დააფიქსირა.

მე-14 გაფართოებული კრება იმ დროისთვის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ 12 საათსა და 55 წუთზე გახსნა. მიტროპოლიტმა შიომ თითქმის 10-წუთიან სიტყვაში ბევრი ისაუბრა ქართული ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ განვლილ ნახევარსაუკუნოვან გზაზე და, რა თქმა უნდა, იმ განსაკუთრებულ მისიასა და არჩევანზე, რომლის წინაშეც დღეს ქართული ეკლესია იდგა.

პატრიარქ ილია მეორის გამორჩეული მოსაყდრის სიტყვას წინ უძღოდა ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

დღეს ისტორიული მოვლენის მასპინძელი უწმინდესისა და უნეტარესის კურთხეული სამების საკათედრო ტაძარი იყო, ხვალ კი ისტორიული სვეტიცხოველი იქნება. ქართული ეკლესიის ახალი წინამძღოლის, 142-ე პატრიარქის ინტრონიზაცია, პატრიარქისვე გადაწყვეტილებით, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს გაიმართება.

აღსაყდრების ცერემონიას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიებიდან მოწვეული დელეგაციები დაესწრებიან. 142-ე საჭეთმპყრობელი ძოწისფერ მანტიას ხვალ პირველად მოისხამს.

დღის ამბები