საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრატისლავაში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი სლოვაკ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე, განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე რიხარდ რაში აცხადებს, რომ საქართველო მნიშვნელოვან სტრატეგიულ სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს.
"სლოვაკეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს, როცა ქვეყნების მთლიანობა ირღვევა. არის ბევრი სფერო და თემა, სადაც ჩვენი გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია, მათ შორის ევროკავშირში გაწევრების ჩვენი გამოცდილების შესახებ.
საქართველო მნიშვნელოვან სტრატეგიულ სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს. მადლობა მსურს საქართველოს გადავუხადო, რომ ეფექტიანად მუშაობს რესურსების დივერსიფიკაციის კუთხით და უკრაინის კონფლიქტისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის კონტექსტში. საქართველო რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო საყრდენად. საქართველო კვლავ სლოვაკეთის ოფიციალური განვითარების დახმარების პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება. სლოვაკეთსა და საქართველოს შორის იქნება 1 მილიონიანი თანამშრომლობა. საქართველო და სლოვაკეთი იწყებენ თანამშრომლობის ახალ ეპოქას, ამის ხელშემწყობი ფაქტორია ახალი პირდაპირი ავიარეისი ბრატისლავასა და ქუთაისს შორის.
ქართველი სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიების რაოდენობა გაიზრდება.
სლოვაკეთში ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, რომ საჭიროა სტრატეგიული დიალოგი, გვსურს დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ სფეროში, რომელსაც ქვეყანა მნიშვნელოვნად ჩათვლის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გზა დიალოგია და არა სანქციები, განურჩევლად იმისა თუ რა სფეროს შეეხება. დიალოგით შესაძლებელია დახმარება, სანქციებს კი ხალხისთვის ზიანის მოტანა შეუძლია,"- აცხადებს რიხარდ რაში.