თანამედროვე ხელოვნების სამყარო ვენეციაში იყრის თავს. 61-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი წელს განსაკუთრებული კონცეფციით წარდგა. "თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი" - ეს არის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და თანამედროვე ხედვის სინთეზი, რომელიც 17 ხელოვანის ნამუშევარს აერთიანებს.
პავილიონის კურატორების, შალვა ხახანაშვილისა და ნინო მეტრეველის ჩანაფიქრი ზუსტად პასუხობს ბიენალეს წლევანდელ მთავარ თემას - "მინორულ ტონებში". მათი თქმით, პრიორიტეტული იყო იმის ჩვენება, რომ საქართველო კულტურათა დიალოგის უცვლელი გზაჯვარედინია.
საქართველოს ეროვნული პავილიონი კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ გახსნა. მინისტრის განცხადებით, ბიენალე საუკეთესო შანსია ქართული კულტურული იდენტობის ახლებურად წარმოსაჩენად.
პავილიონის გახსნას საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვენეციის 61-ე ბიენალე 9 მაისს გაიხსნა და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. ექსპოზიცია მომდევნო თვეების განმავლობაში ათასობით საერთაშორისო სტუმარს უმასპინძლებს.
ავტორი: მარიამ ჟორჟოლიანი.