08 აგვისტო 2026,   13:43
ვრცლად
"შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, უსამართლო რეზოლუციები, სიძულვილის და რადიკალიზმის მხარდაჭერა" - თბილისი ბრიუსელს რეალურ დიალოგს სთავაზობს, სანაცვლოდ კი ევროკავშირისგან დამოკიდებულების შეცლას ითხოვს

შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, უსამართლო რეზოლუციები, სიძულვილის და რადიკალიზმის მხარდაჭერა - თბილისი ბრიუსელს რეალურ დიალოგს სთავაზობს, სანაცვლოდ კი ევროკავშირისგან დამოკიდებულების შეცლას ითხოვს. სახელისუფლებო გუნდში მკაფიოდ ამბობენ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის გზა ურთიერთპატივისცემაზე გადის, ამისთვის კი საჭიროა ევრობიუროკრატების მოქმედი პოლიტიკის ჩანაცვლება სამართლიანი და თანასწორუფლებიანი მიდგომით. პარლამენტის სპიკერის თქმით, ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევამ ევროკავშირს ფასეულობები შეაცვლევინა და ეს ყველაზე ნათლად სწორედ საქართველოსთან ურთიერთობაში გამოჩნდა. მუქარის შემცველი განცხადებები და ძალადობრივი პროცესების წახალისება - შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩს მისთვის გაგზავნილ წერილშიც შეახსენა.

ხელისუფლების კრიტიკა ისმოდა ევროკავშირის საელჩოს დღევანდელ ღონისძიებაზეც. პაველ ჰერჩინსკიმ განცხადებები ევროპის დღესთან დაკავშირებით, სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩი ევრობიუროკრატების მითითების შესაბამისად მოქმედებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მიზეზი, რის გამოც, დიპლომატი რეალურ ფუნქციას არ ასრულებს, სათავეს ბრიუსელში იღებს, სადაც ღირებულებები ევროპის ტრადიციულ ფასეულობებს აცდენილია.

ბრიუსელის მოქმედი ხელმძღვანელობის პოლიტიკაც მოსწონთ და მათი ნაბიჯებიც სამართლიანად მიაჩნიათ ხელისუფლების ოპონენტებს. განცხადებები ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს ევროპის დღის ღონისძიებაზე გააკეთეს.

თანამედროვე ევროპა რომ ღირებულებითი კრიზისის წინაშეა, ამაზე აკეთებს აქცენტს "ქართული ოცნება". უმრავლესობა პაველ ჰერჩინსკის საპასუხოდ აცხადებს, რომ უსაფუძვლო ბრალდებებსა და მიზანმიმართულ თავდასხმებზე პასუხი ანტიევროპულ რიტორიკად ვერ შეფასდება. ევროკავშირის ელჩს დღეს გაახსენეს ისიც, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არა საქართველომ, არამედ თავად ევროკავშირმა შეაჩერა, პაველ ჰერჩინსკი კი ამას 2024 წელს, საქართველოს საგარეო უწყებისთვის გაგზავნილ წერილში თავადვე ადასტურებდა.

ევროკავშირის ელჩი რამდენიმე კვირის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც იმყოფებოდა. პაველ ჰერჩინსკის ახსნა-განმარტება მოუხდა იმ განცხადების გამო, რომლითაც ის საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებასა და სამოქალაქო ომზე მიუთითებდა. პოლონელი დიპლომატი საკუთარ მისიას თბილისში სექტემბერში ასრულებს.

დღის ამბები