ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ 5-ვე პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები ორ ნაწილად ჩატარდა.
მსაჯულმა ცალკე იმსჯელა ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდზე, ხოლო გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმე ერთობლივად განიხილა. ყველა ბრალდებულის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე - დამატებითი ბრალდება წარედგინა გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულს.
პროკურორი გიორგი ნადირაძე აცხადებს, რომ სამივე ბრალდებული ბრალს აღიარებს.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დანაშაულის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით (გურამ როგავა, ზვიად მაისაშვილთან) ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. ამით საქმე არ მთავრდება და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. როგორც უკვე გითხარით ამ საქმეზე აქამდეც ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით. შემიძლია გითხრათ, რომ ამ სასამართლო სხდომაზე სამივე ბრალდებულმა დააფიქსირა, რომ დანაშაულს ისინი აღიარებენ.
ამ საქმეზე ტარდებოდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ხდებოდა ინფორმაციის მოპოვება, შემდგომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მიღებულ იქნა უზღვავი მასალა ინფორმაციის, რაც საჭიროებდა გარკვეულ დროს, რომ მომხდარიყო სიტუაციის შეფასება, გაანალიზება და შემდგომ გადაწყვეტილების მიღება,"- აცხადებს პროკურორი.
პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცდომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე - ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, განმარტა რომ მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას უკავშირებენ სავარაუდო დამნაშავეების დაკავებას მმართველ გუნდში.