დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა - ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 81 წელი გავიდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა. მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დღეს ვეტერანების ნაწილი ტრადიციულად კიკვიძის პარკში შეიკრიბა.
"ყველას გილოცავთ ფაშისტურ ნაციზმზე გამარჯვების დღეს, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენმა პაპებმა, ჩვენმა მამებმა, რომლებმაც ერთ-ერთი დიდი გამარჯვების ფურცელი ჩაწერეს და კიდევ ერთხელ სამყაროს ამცნეს ის, რომ ვართ მეომარი, ძლიერი და თავისუფალი ერი. მინდა მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს. ეს არის საერთო გამარჯვება სინათლის სიბნელეზე,"- აცხადებს გენერალ-მაიორი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.
მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გვირგვინით შეიმკო დაღუპულ გმირთა მემორიალი.