ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული 5 პირის საქმეზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ფორმა უნდა განსაზღვროს. ყველა ბრალდებულის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა.
"საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის კანონის უზენაესობა. ასევე, მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იქნეს კანონის უზენაესობის ნაწილი, პროკურატურამ ბრალი მხოლოდ მხოლოდ მყარი მტკიცებულებების არსებობისას წაუყენოს. პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, არ დააყოვნა ბრალის წაყენება. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დღეებში ცდილობდნენ საქართველოს დამხობას, ქვეყნის დამხობას. ვხედავდით ძალადობას პოლიციელების მიმართ, ვხედავდით პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობას, ვხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს მოლოტოვის კოქტეილებს როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, ამ დროს ჩვენი პოლიციელები, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იყვნენ დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი არ შემდგარიყო. შესაბამისად, რეაქცია ჰქონოდათ და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში დაიცვა ქვეყანა ქაოსისგან და ბნელ წარსულში დაბრუნებისგან, რომელსაც ასე უბიძგებენ გარედან.
შესაძლოა ამ ადამიანებმა, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული, იმ დღეებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რომ ვინმეს მოლოტოვის კოქტეილი არ მოხვედროდა; ვინმე ცოცხლად არ დამწვარიყო, რომ ის მაშხალები რასაც ისროდნენ არ წასულიყო იმ მიმართულებით და არ გადამწვარიყო საქართველოს პარლამენტის შენობა. კიდევ არის რამდენიმე კადრი, მნიშვნელოვანია რომ ყველაფერი დადგინდეს, ის ადამიანები ვინც ეს ოთახები გადაწვა და ცეცხლი წაუკიდა დღემდე არ არიან გამოვლენილები," აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე - დამატებითი ბრალდება წარედგინა გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულს. დანაშაული 5-იდან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცდომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე - ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ.
ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, განმარტა რომ მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას უკავშირებენ სავარაუდო დამნაშავეების დაკავებას მმართველ გუნდში.