ბარსელონაში გამართულ სამიტზე ბრაზილიის პრეზიდენტმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. გამოსვლა მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ანალიზს დაეთმო.
ბრაზილიის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ესკალაციაზე და ღაზას სექტორსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენები მიმოიხილა.
სიტყვით გამოსვლისას, ლულა და სილვამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ხშირად გამოიყენება მცდარი ნარატივები სამხედრო მოქმედებების გასამართლებლად.
"დღეს ჩვენ ომების ეპოქაში ვცხოვრობთ. ერაყში შეჭრა დიდი სიცრუე იყო - სად არის ის ქიმიური იარაღი, სადამ ჰუსეინს რომ მიაწერდნენ? ის ხომ არასოდეს უპოვიათ! საფრანგეთისა და ინგლისის ინტერვენცია ლიბიაშიც მორიგი ტყუილი გამოდგა - რეალურად, რა საფრთხეს უქმნიდა კადაფი კაცობრიობას ისტორიის იმ მონაკვეთში?
ისრაელის შეჭრა ღაზაში და იქ მიმდინარე გენოციდი კიდევ ერთი უდიდესი სიცრუეა. ახლა ლიბანს ბომბავენ — ისევ გამოგონილი საბაბით. შემდეგი რა იქნება? აშშ-ის შეჭრა ირანში? კვლავ ისმის კითხვა: რა მიზეზით?
მინდა მინესოტას გუბერნატორს შევახსენო: 2010 წელს, ინდოეთთან და თურქეთთან ერთად, ირანში ჩავედი პრეზიდენტ აჰმადინეჟადთან მოსალაპარაკებლად. ჩვენი მიზანი იყო შეთანხმება, რომ ირანს ურანი მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოეყენებინა. თუმცა, ევროკავშირმა და აშშ-მა ეს შეთანხმება არ მიიღეს და დაბლოკეს.
დღეს კი კვლავ ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, თითქოს ირანი ატომურ ბომბს ქმნის. მათ ეს არ სჭირდებათ! დროა დავასრულოთ ეს დამღუპველი პრაქტიკა, როცა ჯერ ტყუილებს იგონებენ, რათა შემდეგ ქვეყნების განადგურება გაამართლონ.
ლათინურ ამერიკას მხოლოდ ნარკოტრაფიკის ბუდედ წარმოაჩენენ, არაბულ სამყაროს - ტერორიზმის კერად. მაშ, ვინ არის "კარგი" ამ სამყაროში? მხოლოდ ისინი?"- აცხადებს ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა.