"პირად ურთიერთობაში როცა ვსაუბრობთ, ყველა გაკვირვებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის დღეს ასე გართულებული ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს პერსპექტივას ვუხსნით, კერძოდ იმას, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელს არჩეული აქვს აგრესიული რიტორიკის და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გზა, რაც არის არასწორი, არაევროპული და ეწინააღმდეგება თავად ევროკავშირის იდეას," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მიმართ აბსოლუტური კეთილგანწყობა იგრძნობა.
"ევროკავშირის იდეა არ არის სხვა ერებზე ბატონობა და მათი ცხოვრების წესის საკუთარ გემოზე მოწყობა - ევროკავშირის მთავარი იდეა არის თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით. ასე რომ, ჩემს კოლეგებთან, ვისთანაც მე მაქვს კონტაქტი, ყოველთვის ეს სულისკვეთებაა. იმ კოლეგებთან, რომლებიც სხვა სულისკვეთებით მოქმედებენ, როგორც წესი, შეხვედრები რთულდება ხოლმე, უფრო სწორად, არ არის შესაძლებელი, - ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ამ ფორმატში, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეაში, ვხედავთ აბსოლუტურ კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.