საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ვიზირით მონტენეგროში იმყოფება. მან ჟურნალისტებთან ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა ალბანეთის პარლამენტის ვიცე სპიკერს. შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს დაგეგმილია შეხვედრა ბოსნია-ჰერცოგოვინას პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სადაც საუბარი შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს.
"დღეს, პარლამენტის დელეგაცია ვასრულებთ მონაწილეობას ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში. დღეს მქონდა შესაძლებლობა, რომ ალბანეთის პარლამენტის ვიცე სპიკერს შევხვედროდი, გვესაუბრა ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გაღრმავდეს, როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობა. შევთანხმდით, რომ გვექნება საპარლამენტო თანამშრომლობა, ურთიერთვიზიტების გაცვლა. ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, იმ გზაზე, რომელსაც ალბანეთი გადის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, იმ სირთულეებზე, რომელიც ახლავს ამ გზას. ვისაუბრეთ იმაზე, თუ საქართველო რას აკეთებს იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც სამწუხაროდ ბრიუსელს არჩეული აქვს კონფრონტაციის გზა. ის, რომ ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც გვაქვს დასახული და ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, დღეს მექნება ბოსნია ჰერცოგოვინის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრის შესაძლებლობა, სადაც ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, ევროპული ინტეგრაციის გზის სირთულეებზე და გამოწვევებზე," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.