27 ნოემბერი 2026,   12:47
ვრცლად
ყველა ამ ადამიანის ცოდვა, ვისაც დააჯერეს და განსასჯელის სკამზე ამოაყოფინეს თავი, არის ამ ხალხის მხრებზე და მათ კისერზე - თენგიზ შარმანაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე

4 ოქტომბერს, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დამდგარ განაჩენს შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ყველა ქმედება პირდაპირ ეთერში ჩანდა. 

"4 ოქტომბერს, ჯერ ბურჭულაძე გამოვიდა და მოუწოდა პოლიციელებს, რომ არ შეესრულებინათ ხელისუფლების ბრძანება და კიდევ უფრო მეტი, დაეპატიმრებინათ მთელი ხელისუფლება და მათთვის გადაეცათ. კვინტესენცია იყო უკვე, რომ წავიდეთ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთ და გადმოვიბაროთ გასაღებიო. არაფერს ვლაპარაკობ გზადაგზა კაფეები რომ დაწვეს და ღობეები რომ დაანგრიეს და მატერიალური ზიანი მიაყენეს. ეს ყველაფერი რაიმე ოპერატიული საშუალებებით მოსაპოვებელი არ იყო, ეს პირდაპირ ვნახეთ ეთერში. ახლა იმაზე წუწუნი, რომ ეს ხალხი არის პოლიტპატიმრები, ყველა ამ ადამიანის ცოდვა, ვისაც დააჯერეს და განსასჯელის სკამზე ამოაყოფინეს თავი, არის ამ ხალხის მხრებზე და მათ კისერზე. მართალია, ამ ხალხსაც ვაფრთხილებდით, რომ არ აყვეთ," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

პროკურატურის განცხადებით, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, ასევე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7- 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას - 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

 

დღის ამბები