27 ნოემბერი 2026,   08:31
ვრცლად
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების სიღრმისეულ შესწავლას თანამდებობაზე დანიშვნისთანავე აანონსებდა

ცალკეული გადაცდომების გამოძიების აუცილებლობაზე სამართალდამცავ სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ისაუბრა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალმა ფუნქციამ ხარვეზების აღმოფხვრის კიდევ მეტი საშუალება გააჩინა.

სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის შემდეგ პირველივე სატელევიზიო ინტერვიუში მამუკა მდინარაძემ კონკრეტულად იმ საქმეებზეც ისაუბრა, რაზეც სულ ცოტა ხნის წინ გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი გამართა.

"შეიძლება ჩემმა ამ ახალმა ამპლუამ და ფუნქციამ ამ ნახევრად ხარვეზის თუ ხარვეზის დავარქვათ თამამად, აღმოფხვრის კიდევ მეტი საშუალება გააჩინოს.
მე პირადად, როგორც კი ამ თანამდებობაზე დავინიშნები ამ და ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, ჩემი რეაგირება მექნება და კონკრეტულ მსგავს მაგალითებზეც ალბათ დარწმუნებით შეიძლება ვერ ვთქვა, რადგან მტკიცებულებებიც მოსაძიებელია და სანახავია, მაგრამ ასეთი დანაშაულების კიდევ უფრო დეტალური, სიღრმისეული შესწავლა მოხდეს და მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, რომ ხვალ, ჩვენი სამართალდამცავი დავაფასოთ და ასევე თუ მათ სახელს ვინმე არცხვენს ასეთებიც გამოვავლინოთ და განუხრელად ვიღვაწოთ ყველამ იმისათვის, რომ ასეთმა ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სახელმწიფოში ეს ადამიანები გმირულად ახორციელებენ და აკეთებენ,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, განაცხადა, რომ  2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულია 5 პირი, მათგან 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ერთი კი შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელია.

დღის ამბები