02 აგვისტო 2026,   18:51
ვრცლად
"მტკიცებულებები საქმეში არ არის იმისთვის, რაც ბრალად აქვს შერაცხული ჯაშუშობის მუხლით" - გიორგი უძილაურის ადვოკატი

საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დაწყებისთანავე დაიხურა, რადგან საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს.

უძილაურის ადვოკატი, ბექა გულედანი აცხადებს, რომ საქმეში არ დევს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს.

ბექა გულედანი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის პოზიცია იყო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.

"ვინაიდან, ბრალს არ ვაღიარებთ და ვთვლით, რომ მტკიცებულებები საქმეში არ არის იმისთვის, რაც ბრალად აქვს შერაცხული, ჯაშუშობის მუხლით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია იყო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. არ ეთანხმება ბრალს იმიტომ რომ არც საქართველოს ინტერესების საზიანო რაიმე სახის ინფორმაციაა საქმეში, ასე ვფიქრობთ, და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირის დამდასტურებელი მტკიცებულება. საქმეს აქვს გრიფით საიდუმლო,“ - აღნიშნა გიორგი უძილაურის ადვოკატმა, ბექა გულედანმა.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას სისტემატურად გადასცემდა. კურიერის ინფორმაციით, ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც უძილაური მუშაობდა, ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

 

 

დღის ამბები