04 აგვისტო 2026,   08:38
ვრცლად
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - აზერბაიჯანი, ევროპაში გაზისა და ნავთობის საქართველოს გავლით ექსპორტს, კიდევ უფრო ზრდის

აზერბაიჯანი, ევროპაში გაზისა და ნავთობის საქართველოს გავლით ექსპორტს კიდევ უფრო ზრდის. ხელშეკრულება ბაქოში იტალიის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის გუშინ გაფორმდა. ცნობილია, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბოლო მონაცემებით კი, აზერბაიჯანი იტალიის გაზმომარაგების 16 პროცენტს ავსებს. კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსები აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ჯერ თურქეთში, შემდგომ საბერძნეთში, ალბანეთსა და ბოლოს იტალიაში ხვდება. ორმხრივი შეხვედრის დროს, ლიდერებმა ჰორმუზის სრუტეში არსებული ტურბულენტობის ფონზე, სწორედ ახალი სატრანზიტო მარშრუტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოების ახალ გარანტად უნდა იქცეს.

4 500 საწვავის სადგური იტალიაში და 47 მილიარდ კუბურ მილზე მეტი საექსპორტო პოტენციალი - აზერბაიჯანისთვის, აპენინის ნახევარკუნძულზე, ბუნებრივი წიაღისეულით რესურსების შესავსებად ე.წ. შუა დერეფანი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ მოცემულობით საქართველო, როგორც უსაფრთხო სატრანზიტო კორიდორი ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით დამატებით ბენეფიტებს მოიტანს.

ბაქოსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ გაზრდილ ენერგოტრანზიტში, საქართველოს როლს და ფუნქციას ვერ ხედავს ოპოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ევროპის მომარაგება ნავთობით საქართველოს გავლით მხოლოდ მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

ოპონენტებს სპეკულაციასა და გეოგრაფიის არცოდნაში ადანაშაულებს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების აზრით, საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტები, ევროკავშირისთვის მსოფლიო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე უალტერნატივოა. ყველაფერი კი, ქვეყანაში არსებული მშვიდობიანი განვითარების შედეგია.

საქართველოს სატრანზიტო და შესაბამისად, ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ ეკონომისტები. ანალიტიკოსების აზრით, შუა დერეფნის მაქსიმალურად დატვირთვა და ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება, საქართველოში მეტ სამუშაო ადგილს და ფინანსურ სარგებელს გააჩენს.

აზერბაიჯანმა გასულ წელს საქართველოზე ტრანზიტით, იტალია 7.5 მილიარდი კუბური მილი გაზით მოამარაგა. მელონი-ალიევის შეთანხმებით, წლიური ნაკადი 9.5 მილიარდ კუბურ მილამდე გაიზრდება.

დღის ამბები