საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესზე, რომელიც მომავალი პატრიარქის არჩევას უკავშირდება, განაცხადა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს უპირველესად ილია მეორის ხსოვნას, ყველამ ღირსეულად უნდა ატაროს ის ხელდასხმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ კათოლიკოს-პატრიარქმა გადააბარა.
მისივე თქმით, ამ დიდ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, ეპარქიის სულიერი წინამძღვრობა ჰქვია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ტარება სჭირდება.
"ძალიან მიჭირს იმის ყურება, რომ სამწუხაროდ, ვხედავთ გარკვეულ დამაპირისპირებელ ხმებს, კომენტარებს, შეფასებებს თავად ეკლესიის შიგნიდან, რაც ვფიქრობ, რომ პატრიარქის ხსოვნას არ ეკადრება. სინოდის თითოეული წევრი, ყველა ეპისკოპოსი ხელდასხმულია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ, ყველა არიან მისი სულიერი შვილები.
ასევე, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ, უკვე წლების წინ მოსაყდრედ გამორჩეული მეუფე შიო. ყველამ პატივი უნდა სცეს უპირველეს ყოვლისა მის ხსოვნას, ყველამ ღირსეულად უნდა ატაროს ის ხელდასხმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ კათოლიკოს-პატრიარქმა გადააბარა. ეს არის ყველას მოლოდინი - მრევლის, საზოგადოების მოლოდინი ეკლესიისა და სინოდის მიმართ.
ყველას მიმართ მექნება უმორჩილესი თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი და ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც პატრიარქმა თავისი ნახევარ საუკუნოვანი მოღვაწეობით თითოეულ მათგანს ჩააბარა. ამ დიდ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, ეპარქიის სულიერი წინამძღვრობა ჰქვია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ტარება სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თითოეული წევრი ერთი პატრიარქის მიერ არის გამოვლენილი.
მიჭირს, როდესაც ვუსმენ ისეთ კომენტარებს, როდესაც ხდება გარკვეული სიძულვილის ენით საუბარი. ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ამ მხრივ მორიდებული ჩვენს კომენტარებში და მივცეთ შესაძლებლობა ეკლესიას და წმინდა სინოდს, რომ ეს პროცესი ღირსეულად იყოს გაძღოლილი და ჩვენმა სინოდმა გამოავლინოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.