27 ნოემბერი 2026,   07:10
ვრცლად
მივესალმები ნებისმიერ ასეთ ღონისძიებას, რომელსაც უსაფრთხოების სამსახური გაატარებს, ჯაშუშების დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია - ირაკლი ჭეიშვილი

ჯაშუშობა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ - დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალს რამდენიმე წუთში ოფიციალურად წარუდგენენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი ასეთი ღონისძიება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაატარებს, მისასალმებელია

"ჯაშუშების დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს გამოვლენილი იქნება. ეს არ არის მარტივი ოპერაცია და ამას ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ და დაკვირვების პროცესიც მიმდინარეობდა. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებას, დაკავება მოხდა გუშინ და შესაბამისად, ბრალიც წარედგინება,"- აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს საქართველოს შესახებ ინფორმაციას თანხის სანაცვლოდ აწვდიდა. კურიერმა შეძლო იმის გარკვევაც, რომ უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს ჰქონდა კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს. დანაშაული 8-იდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


ავტორი: ნანა გოგატაძე.  

დღის ამბები