06 აგვისტო 2026,   03:35
ვრცლად
რკინიგზის მასშტაბური მოდერნიზაცია იწყება - რას მოიცავს პროექტი და როდის დასრულდება

"ისტორიული განახლების" პროექტის ფარგლებში, მოდერნიზაცია რკინიგზის სამ მთავარ მიმართულებას ინფრასტრუქტურას, ტვირთების გადაზიდვასა და სამგზავრო გადაყვანებს შეეხება. განახლდება ლოკომოტივები და დაგეგმილია ახალი ვაგონების შეძენა. სიახლეებია სამგზავრო გადაყვანების მხრივაც: არსებულ რეისებს ახალი მიმართულებები დაემატება. ზაფხულის სეზონიდან თბილისიდან ბათუმში მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდება. სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხუთი სამგზავრო მატარებლის რემონტი მიმდინარეობს, სალოკომოტივო პარკი კი 10 ახალი სამგზავრო მატარებლით შეივსება.

"საქართველოს რკინიგზაში" მენეჯმენტი ერთი წლის წინ შეიცვალა. ამ პერიოდში განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია, შემცირდა საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯები. ხელშეკრულებების გადახედვამ და რესურსების დაზოგვამ კი შემოსავლებისა და მოგების მაჩვენებლები გაზარდა. რკინიგზაში დაგეგმილმა სიახლეებმა ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალი უნდა გააძლიეროს. დაკავშირებადობის გაუმჯობესების პროცესში მსგავს პროექტებს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება.

რკინიგზაში განხორციელებული ოპტიმიზაციიდან მიღებულმა დანაზოგმა 230 მლნ ლარს გადააჭარბა. სამთავრობო გუნდში აცხადებენ, რომ ფინანსური რესურსი კვლავ რკინიგზის განვითარებას მოხმარდება, რადგან ის მხოლოდ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა არ არის  იგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საკვანძო რგოლია.

მასშტაბურმა პროექტმა მნიშვნელოვნად უნდა წაახალისოს ტურიზმის სექტორიც. სიახლეების ფარგლებში მომზადდა ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის აღდგენის გეგმა. ე.წ. "კუკუშკა" ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ტურისტებს მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება.

"ისტორიული განახლების დასაწყისი"  სწორედ ასე აფასებენ "საქართველოს რკინიგზაში" დაგეგმილ სიახლეებს. დღესვე ითქვა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მოცულობითი ინვესტიციები განხორციელდება და, საორიენტაციოდ, რკინიგზის განვითარებისთვის მილიარდ-ნახევარ დოლარზე მეტი დაიხარჯება.

დღის ამბები