ფარული შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან. "კურიერის" ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დილით ბრიტანეთის საელჩოში დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან პარტიის წევრებთან ერთად, ერთ-ერთ სასტუმროში დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გადაინაცვლა.
ბადრი ჯაფარიძემ "კურიერს" ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა დაუდასტურა. მისი განცხადებით, დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. "ქართული ოცნება" კი ელჩების მხრიდან რადიკალიზმის წახალისებაზე საუბრობს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიაში არცერთი ადამიანის ბედი არ წასულა კარგად, ვინც ცდილობდა გარე ძალებით ხელისუფლების მოპოვებას.
"ყველას ვურჩევ, შეეშვან ერთი საელჩოდან მეორეში სიარულს და გარე ძალების იმედად აქ ყოფნას. ასევე, ვეტყვი უცხო ქვეყნების ელჩებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სხვადასხვა დიდი ქვეყნის წარმომადგენლები რადგან არიან, ეს მათ აძლევს რაიმე უფლებას, სხვა ხალხის ცხოვრებაში ჩაერიონ. შეიძლება, ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ბრიტანეთის მიერ ატომური ბომბის ფლობა, აძლევს უფლებას, სხვა ქვეყნებს შეხედოს, როგორც მეორეხარისხოვანს და თავს მოახვიოს საკუთარი დღის წესრიგი, გადახედონ გინდ საკუთარ და გინდ საქართველოს ისტორიას. ბევრი გვინახავს ასე ცხვირაწეული საქართველოსთან მოლაპარაკე ხალხი, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქართველო დარჩა და სხვა, ვინც დიდი გონორით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბედს იზიარებენ.
მე ყველა ელჩს მოვუწოდებ, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ საქართველოში ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში. კარგი არაფერი მოუტანია სხვისი ხელების ფათურს ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ამიტომ, ყველა შესაბამისად უნდა შეეშვას ამგვარ ქცევას", – განაცხადა პაპუაშვილმა.