"სწორედ ბრიუსელი და სწორედ უცხოური დაფინანსება არის, რომელიც კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას, იმორჩილებს მედიას საკუთარი პროპაგანდისთვის და ამით ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას საქართველოში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომელიც თბილისში ბრიტანეთის საელჩომ, პრესის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში, ისინი ვინც საქართველოში კლავენ თავისუფალ მედიას, დღეს წარმოაჩენენ თავს ისე, თითქოს არიან მედიის დამცველები.
"ვხედავთ, რომ თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ როგორც თავისუფალი მედიის ჭირისუფლები. სინამდვილეში, ისინი, ვინც საქართველოში კლავენ თავისუფალ მედიას, ისინი, რომლებმაც მედია აქციეს პროპაგანდის ინსტრუმენტად, დღეს წარმოაჩენენ თავს ისე, თითქოს არიან მედიის დამცველები. ამის მაგალითები არის ბევრი. მაგალითი არის, რომ ბრიტანეთის საელჩო თურმე წუხს მედიაზე და მედიის თავისუფლებაზე, საელჩო, რომელიც ცდილობდა, რომ პარტიული პროპაგანდის მანქანა დაეფინანსებინა, ვგულისხმობ "ტაბულას", რომელიც გახლავთ ერთ-ერთი პარტიის კედლის გაზეთი, ევროკავშირი, რომელიც საქართველოში აფინანსებს ზოგიერთ ე.წ. ონლაინ გამოცემას, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი პროპაგანდის იარაღს საქართველოს წინააღმდეგ და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, საუბრობენ მედიის თავისუფლებაზე. ასე, რომ სწორედ ბრიუსელი და სწორედ უცხოური დაფინანსება არის, რომელიც კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას, იმორჩილებს მედიას საკუთარი პროპაგანდისთვის და ამით ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას საქართველოში," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.