თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრუწლოვნის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს პროცესზე ავალიანის დედას, დაზარალებულის ადგილმონაცვლე ეკა კუპატაძე საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს.
დემეტრე ჩიქოვანს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, ანა ნასყიდაშვილს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
"ჩემი პოზიცია არის ურყევი, უცვლელი - მაქსიმალური სასჯელი ყველას, ვისაც რაიმე დოზით წილი მიუძღვის ჯანმრთელი, უდანაშაულო, სპეტაკი გიგა ავალიანის მკვლელობაში," - ამბობს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.
"ის ბრალდებულები, რომლებზეც უკვე დამდგარია განაჩენი, გასამართლდნენ გიგა ავალიანის თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, უკვე დასრულებული დანაშაულისთვის, ხოლო დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულთაგან ერთს ბრალად ედება ამ დანაშაულის მომზადება, ხოლო მეორე მათგანს - ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობა. ამიტომ კავშირი ნამდვილად არსებობს, არსებითად მნიშვნელოვანი კავშირი, ამ განაჩენსა და მიმდინარე საქმეს შორის, ამიტომ ეს განაჩენი უნდა დაერთოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს.
ამას გარდა, ბრალდების მხარე იშუამდგომლებს არასრულწლოვანი მოწმის, ნია იმნაძის იძულებით მოყვანის თაობაზე, ვინაიდან ის ყველა გზით შეეცადა, თავი აერიდებინა სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობისთვის და მოსულიყო ჩვენების მისაცემად," - აცხადებს საქმის პროკურორი, ქეთევან სონიძე.