ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის მხოლოდ საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს, ის მთლიანად რადიკალური ოპოზიციის ენით ესხმის თავს ქართულ ეკლესიას და ცილისმწამებლურ განცხადებებს ავრცელებს, - ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ქართულ ეკლესიას და საპატრიარქო არჩევნებს ეხებოდა.
იონათამიშვილის თქმით, ისინი ვერ ეგუებიან, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია ძლიერი და სუვერენულია.
"სხვათა შორის, მის ამ სიძულვილზე, ჯერ კიდევ 2004 წელს, უწმინდესი საუბრობდა, თუ როგორ ებრძოდა ხელისუფლება ეკლესიას და ჩვენ გვახსოვს, წმინდანებზე როგორ საუბრობდა თვითონ სააკაშვილი. ამიტომ, ეს მთლიანად ამ რადიკალური ოპოზიციის სახეა, რომლებიც ერთნაირად ვერ ეგუებიან, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია არის ძლიერი და სუვერენული", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქო არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს და წერს, რომ ამ პროცესის სცენარი ლუბიანკაზე დაიწერა.