"მითების დეტექტორის" დაუსაბუთებელი ბრალდება - ორგანიზაცია წერს, რომ სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები აქტიურად იწონებენ "რუსთავი 2-ის" მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს დიუშენის სინდრომის შესახებ. პოსტები ეხება როგორც მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს, ისე კახა კალაძის განცხადებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკრეტული მედიკამენტის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას. "მითების დეტექტორი" მთავარ მტკიცებულებად ასახელებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ტროლებს, თუმცა ვერ ასაბუთებს ვისი შექმნილია.
კვლევაში ბრალდებები ისმის ვატო შაქარაშვილის მიმართაც.
პასუხად, შაქარაშვილი მითების დეტექტორის გარე ძალების მხრიდან დაფინანსებაზე და თამარ კინწურაშვილის მიკერძოებულ ინტერესებზე საუბრობს.
"თავად "მითების დეტექტორი" და მსგავსი ტიპის ე.წ. ფაქტჩეკერები წარმოადგენენ ფართო აგენტურულ ქსელს, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", რომლებიც ფინანსდებიან იმ ძალების მხრიდან, ვისაც ჩვენ ვამხელთ და ვუპირისპირდებით. შესაბამისად, გასაგებია თუ რატომ უკვეთავენ მათივე ინსტრუმენტებს მსგავსი ტიპის იაფფასიან, აბსოლუტურად მდარე ტყუილებს, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი. ეს ემსახურება რამენაირად ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის დისკრედიტაციას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად საზოგადოება იცნობს კარგად ამ ორგანიზაციების უკან მდგომ ადამიანებს, ეს არის თამარ კინწურაშვილი - რომელიც იყო მიტაცებული საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი სააკაშვილის რეჟიმის დროს, ხოლო მას შემდეგ ის მოგვევლინა აზრის პოლიციელად, მედიაცენზორად, რომელიც მედიასივრცეში, სოციალურ მედიაში ებრძვის ყველანაირ ალტერნატიულ აზრს, რომელიც მისი დამკვეთების ინტერესების და დღის წესრიგში არ ჯდება", - აცხადებს პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე