18 ივნისი 2026,   22:06
ვრცლად
ევროპის ცენტრალური ბანკი და ინგლისის ბანკი მზარდ ინფლაციურ რისკებზე საუბრობენ

ევროპის ცენტრალური ბანკი და ინგლისის ბანკი ინფლაციურ რისკებზე საუბრობენ, თუმცა საპროცენტო განაკვეთებს უცვლელს ტოვებენ.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 2%-ზე დატოვა, თუმცა გაავრცელა გაფრთხილება, რომ ირანის ომის გავლენით, შესაძლოა ინფლაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, ხოლო ეკონომიკური ზრდა შენელდეს - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი და შენარჩუნდება მაღალი ფასები ენერგომატარებლებზე, მით უფრო ძლიერი იქნება ზეგავლენა ფართო ინფლაციასა და ზოგადად ეკონომიკაზე", - ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

გამოქვეყნებული მონაცემებით, ევროზონის 21 ქვეყანაში ინფლაცია აპრილში 3%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა მარტში ეს მაჩვენებელი 2.6%-ს შეადგენდა.

მანამდე, ინგლისის ბანკმაც (BOE) საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 3.75%-იან ნიშნულზე დატოვა.

მიუხედავად ამისა, ბანკმა გააფრთხილა ბაზარი, რომ სესხებზე მომსახურების ხარჯები შესაძლოა მომავალში გაიზარდოს, თუ ენერგორესურსებზე ფასების ხანგრძლივი მატება ინფლაციაზე დამატებით ზეწოლას მოახდენს.

ომის დაწყებამდე არსებული პროგნოზით, გაერთიანებულ სამეფოში ინფლაცია ამ თვიდან ცენტრალური ბანკის მიზნობრივ 2%-იან ნიშნულს უნდა დაბრუნებოდა. მარტში ინფლაციამ 3.3% შეადგინა, ხოლო ინგლისის ბანკის მოლოდინით, წლის ბოლომდე ის 3.5%-ს ოდნავ გადააჭარბებს.

"ინფლაციური პროგნოზის ეს ცვლილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პირდაპირი შედეგია", - განუცხადა ჟურნალისტებს ინგლისის ბანკის მმართველმა ენდრიუ ბეილიმ.

დღის ამბები