რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმა ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენებით მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 6 ადამიანი. დარტყმები იყო საცხოვრებელ უბნებსა და სამოქალაქო ობიექტებზე. დაზიანებულია ხუთსართულიანი კორპუსი, კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობა და სასწავლო დაწესებულება. რამდენიმე ადგილას გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.
უკრაინაში მიმდინარე ომი იყო რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთ მთავარი თემა. პუტინის თანაშემწის ინფორმაციით, საუბარი საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა და რუსეთის პრეზიდენტმა 9 მაისისთვის ზავის გამოცხადების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.
მოგვიანებით, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზავის იდეა მას ეკუთვნოდა და ისიც დაამატა, რომ რუს კოლეგასთან "ძალიან კარგი" საუბარი ჰქონდა.
დასავლური მედია აღნიშნავს, რომ წელს ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რუსეთის დიდ ქალაქებში, უკრაინული დრონების საშიშროების გამო, ძირითადად, შეზღუდულ ფორმატში ჩატარდება.