პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებას აფასებს, რომლითაც ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემებს 2024 წლის შემდეგ აღარ ანახლებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება.
მთავრობის მეთაური კი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სუბიექტური ინტერესი ნაკლებად აქვს, თუმცა, პრემიერ-მინისტრს აინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია კომიკური მდგომარეობიდან გამოსვლას.
ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს გერმანიის საგარეო უწყების გადაწყვეტილება მოსწონს. "ლელოში" კი ვარაუდობენ, რომ ინფორმაციას გარკვეული მიზეზით არ ცვლიან.
გერმანიის მთავრობის უმოქმედობა მმართველი გუნდისთვის არა ტექნიკური ხარვეზი, არამედ ქართველი ხალხის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულებაა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიას ნოტა უკვე მესამედ გაუგზავნა. თუმცა, ოფიციალური ბერლინი მონაცემებს ამ დრომდე არ ცვლის - საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ისევ ილია დარჩიაშვილია მითითებული.