FIFA-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ. ამის შესახებ განაცხადი ქვეყნებმა 2024 წლის ივნისში შეიტანეს.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს. ტურნირი 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და მონაწილეობას 24 ქვეყანა იღებს.
საკითხზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
"სპორტის განვითარებას საქართველოში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ სულ უფრო ხშირად ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებს, ცოტა ხნის წინ ვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში, ასევე, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ, იქამდე, იყო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი, ზამთრის სპორტის სახეობებში არაერთ ძალიან პრესტიჟულ ტურნირს ვუმასპინძლეთ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან განსაკუთრებული მიღწევა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში.
ეს, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე. უშუალოდ საქართველოში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას. მასპინძლობა ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს მისცემს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას - ეს არის ყველა თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ყველაფერში წვლილი შეიტანა, - მათ შორის, სპორტის სამინისტროს, სპორტის მინისტრს და განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ბატონ ლევან კობიაშვილს, მათი უშუალო, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდა," - განაცხადა პრემიერმა.