მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დასკვნით ეტაპზეა. ქვეყანას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეყოლება. ამ თანამდებობას ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
საკითხზე მსჯელობა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. განხილვა იურიდიულ კომიტეტში უკვე დასრულდა. დღესვე სესიაზე დაგეგმილია კენჭისყრა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ როგორც გამორჩეული კვალი დაატყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ზუსტად ანალოგიური წარმატებით გაუწევს მამუკა მდინარაძე კოორდინაციას სამართალდამცავ ორგანოებს.
"მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებობს გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყოველდღიური ოპერატიული კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია ყველა სამართალდამცავ შტოს შორის, რომელიც სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებს. მაგალითად, ჩვენ გვესმის საუბარი, რომ არ ჰყავს აპარატი, ზუსტად ასეთივე წარმატებით შეიძლება ვინმემ თქვას, რომ აპარატი არ ჰყავს საქართველოს პრემიერ მინისტრს და პრემიერ მინისტრი უფლებამოსილებებს არ ასრულებს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, მაშინ როდესაც არსებობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც დაახლოებით 300-კაციანი შემადგენლობით, სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერ მინისტრის, ზუსტად იგივე იქნება სახელმწიფო მინისტრის შემთხვევაში. როგორც პოლიტიკაში არის გამორჩეული მამუკა მდინარაძე, მან გამორჩეული კვალი დაატყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სია ძალიან გრძელია, ზუსტად ანალოგიური წარმატებით გაუწევს მამუკა მდინარაძე კოორდინაციას სამართალდამცავ ორგანოებს, და რა თქმა უნდა, ერთი ათად გააძლიერებს "ქართული ოცნების" გუნდს უკვე საჯარო პოლიტიკაში შემოსვლით," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.