27 ნოემბერი 2026,   04:01
ვრცლად
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში და ახალი სახელმწიფო აპარატი - ცვლილებებს დღეს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქვეყანას მალე ოფიციალურად ეყოლება - დაჩქარებული წესით მიმდინარე განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დასკვნით ეტაპზეა.

მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებას, რამდენიმე საათში, იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ; მოგვიანებით უნდა მოხდეს მისი სესიაზე გატანა და კენჭისყრა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, გლობალური გამოწვევების ფონზე, სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"რაც უფრო იმატებს გამოწვევები და საფრთხეები არამარტო საქართველოს, ზოგადად, მსოფლიოსა და რეგიონის მასშტაბით, ეს კოორდინაციის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ინფორმაციის გაცვლა, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა შინაარსის უწყებებს შორის, შეიძლება არც ხდებოდეს იმ ინტენსივობით, რაც დღევანდელ მდგომარეობას სჭირდება. მამუკამ უნდა იზრუნოს ამ საკითხებზე. მას ჰყოფნის ინტელექტიც, გამოცდილებაც და ვფიქრობ, ამ მაღალი დონიდან ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძემ, როგორც პოლიტიკოსმა და პროფესიონალმა, ყველაზე უკეთე იცის, როგორ უნდა განხორციელდეს კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის.

"რასაკვირველია, აჩენს ყველანაირ წინაპირობას იმისა, რომ სამომავლოდ, კიდევ უფრო მყარი გარანტიები შეიქმნას, რათა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოება რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს უზრუნველყოფილი. რაც შეეხება, კონკრეტულად, ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას - მან ძალიან კარგად იცის როგორც პროფესიონალმა, პოლიტიკოსმა, როგორც შეიძლება მაქსიმალურად ეფექტიანად იქნეს კოორდინაცია განხორციელებული კონკრეტულ ძალოვან უწყებებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

დღის ამბები