თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, დახურულ ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ გეკა გელაძეს მოუსმინეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა კომიტეტის წევრებს საკუთარი ხედვა გააცნო და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც სამსახურისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია.
კანდიდატის მოსმენა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. კომიტეტმა გეკა გელაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევის საკითხი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე, პირდაპირ კენჭისყრაზე დადგება.
კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ გეკა გელაძეს და მამუკა მდინარაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ საკუთარ უწყებებში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელეს, რომელმაც კონკრეტული შედეგები მოიტანა.