საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ბერლინს კიდევ ერთხელ მიმართავს, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განახლდეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ.
საგარეო უწყება გერმანულ მხარეს ახსენებს, რომ 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს, 2024 წლის პირველი დეკემბრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი იკავებს. ეს უკვე მესამე მიმართვაა, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე კი ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი საგარეო მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული.
ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობის პოზიცია საქართველოს მიმართ არასერიოზულია და მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯებით ქვეყანაზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებენ.
"ძალიან არასერიოზული დამოკიდებულებაა გერმანიის მთავრობის მხრიდან და თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამით ჩვენ რამეს დაგვაკლებენ, ძალიან ცდებიან. ეს არის იმ ზღაპრის გაგრძელება, რასაც ევრობიუროკრატები, ევროპარლამენტარები რეზოლუციებში წერენ, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილი დღემდე საქართველოს პრეზიდენტია. ძალიან გულდასაწყვეტია მათი ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ამით ისინი თავად იზიანებენ თავიანთ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.