10 აგვისტო 2026,   12:54
ვრცლად
"ქართული ოცნების" 14 წელი - გზა ბრძოლიდან სახელმწიფოებრივ სტაბილურობამდე

"ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება. ჩვენ არ ვაპირებთ ახალი ისტორიის დაწერას 2012 წლიდან, ჩვენი ვალია, აღვადგინოთ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის" - ბიძინა ივანიშვილი

პირობა შესრულებულია - "ქართული ოცნების" პარტიად ჩამოყალიბებამდე რამდენიმე თვით ადრე გაკეთებული ეს განცხადება კი დღეს ისეთი თვალსაჩინოა, როგორც არასდროს აქამდე. პოლიტიკაში 14 წელი სოლიდური დროა იმისთვის, რომ ილუზიები გაქრეს და დარჩეს მხოლოდ მშრალი ფაქტები და შედეგები.

როდესაც დღევანდელ საქართველოზე ვსაუბრობთ - ან მის ევროპულ სტატუსსა თუ რეგიონულ სტაბილურობაზე - ხშირად გვავიწყდება ის ფასი და ის საწყისი წერტილი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

ისტორია არ იწერება ცარიელ ფურცელზე. 2012 წლის 21 აპრილს, როდესაც "ქართული ოცნება" დაფუძნდა, საქართველო არ იყო დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებები არჩევნებით იცვლება. თუ დავეყრდნობით არაერთ სანდო წყაროს და მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, ეს იყო ქვეყანა, რომელსაც მართავდა კარგად გამართული, რეპრესიული მანქანა. და ამ მანქანის წინააღმდეგ წასვლა არ იყო უბრალოდ პოლიტიკური კონკურენცია - ეს ნიშნავდა საკუთარი უსაფრთხოების, ოჯახისა და სიცოცხლის სასწორზე დადებას.

დღევანდელი გადმოსახედიდან მარტივია 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებაზე საუბარი, თუმცა ამ გამარჯვებამდე იყო ურთულესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის პერიოდი.

და მაინც, კიდევ ერთხელ რომ დავბრუნდეთ უკან დროში - როგორ პასუხობს ავტოკრატიული სახელმწიფო მას, ვინც მის მონოპოლიას ემუქრება? პირველივე დღეებში ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს იყო სიმბოლური აქტი — სისტემამ ამ ფორმით კონკურენტის დაშინება სცადა. ამას მოჰყვა "ქართული ოცნებაზე" უპრეცედენტო ფინანსური შეტევა - ინკასოები, ყადაღა და ათასობით მხარდამჭერის დაკითხვა-დაპატიმრება.

მედია სრულად იყო ბლოკირებული. საინფორმაციო ვაკუუმში სახელმწიფო მანქანა ცდილობდა შეექმნა ალტერნატიული რეალობა. ეს არ იყო სტანდარტული საარჩევნო კამპანია - ეს იყო უთანასწორო ბრძოლა, სადაც ერთ მხარეს იდგა პოლიტიზებული პოლიცია, სასამართლო და მედია, ხოლო მეორე მხარეს - ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად სუნთქვა უნდოდა.

როგორი იყო ის მემკვიდრეობა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისას ჩაიბარა? არაერთი კვლევით და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშით დასტურდება, რომ მართლმსაჯულება არსებობდა მხოლოდ ფორმალურად, გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა თითქმის ნულს უტოლდებოდა. საპატიმროები ქცეული იყო სადამსჯელო ლაბორატორიებად, სადაც ადამიანის ღირსების განადგურება ყოველდღიური რუტინა გახდა. კერძო საკუთრება კი იმდენად იყო დაცული, რამდენადაც კონკრეტული ბიზნესმენი მმართველი ელიტის მიმართ ლოიალობას გამოიჩენდა. ათეულობით ათასი დაზარალებული მოქალაქე დღესაც ამ მემკვიდრეობის ცოცხალი მოწმეა.

მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა და ბარიერისა - ერთი კაცის გარშემო შეკრებილი საზოგადოების ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა. დადგა პირველი ოქტომბერი, დღე, რომელმაც საქართველო კიდევ ერთხელ - ერთი იდეის, თავისუფლების გარშემო გააერთიანა.

2012 წლიდან იწყება მანკიერი სისტემის დემონტაჟი. სახელმწიფომ უარი თქვა მოქალაქისგან მტრის ხატის შექმნაზე. მოხდა საყოველთაო ამნისტია, ათასობით უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტპატიმარი გათავისუფლდა. განადგურდა პირადი ცხოვრების ამსახველი ის ფარული კადრები, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება წლების განმავლობაში აგროვებდა და რომლითაც საკუთარ მოქალაქეებს აშანტაჟებდა.

ადამიანი და მისი ღირსება "ქართული ოცნების" ხელისუფლების საქმიანობის საფუძვლად ჩამოყალიბდა - ამას მოწმობს მოწინავე პოზიციები არაერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში, ამას ამყარებს ფაქტები: დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რაც მხოლოდ სოციალური პროექტი იმთავითვე არ ყოფილა. ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული განაცხადი, რომ მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა.

ბიზნესი გათავისუფლდა წნეხისგან, მედია გარემო კი იმდენად პოლარიზებული და პლურალისტური გახდა, რომ ინფორმაციის მონოპოლიაზე საუბარი დღეს უკვე ღიმილისმომგვრელია. გაიზარდა უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, საქართველო იქცა რეგიონის ეკონომიკურ ჰაბად.

დასავლეთში ზოგიერთი ლიდერი და ორგანიზაცია "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს "დემოკრატიის შუქურად" ასაღებდა, თუმცა 2012 წლამდე, წლების განმავლობაში, ევროპა ქართული პოლიტიკისთვის უფრო ლამაზი ოცნება იყო, ვიდრე შინაარსი. რეალური ევროპული ინტეგრაცია სწორედ ბოლო 14 წლის განმავლობაში მოხდა.

შედეგები ისტორიულია: ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, რომელმაც ქართულ ეკონომიკას უზარმაზარი პერსპექტივა გაუხსნა; უვიზო მიმოსვლა, რომელმაც ფიზიკურად დაანგრია ბარიერი საქართველოსა და ევროპას შორის; და ბოლოს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ეს პროგრესი პარალელურად აისახა ეკონომიკაზეც. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო პანდემიური და გეოპოლიტიკური კრიზისების გამო ეკონომიკურ რეცესიაში შევიდა, საქართველომ შეძლო ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა. გაორმაგებული ბიუჯეტი და შემცირებული სიღარიბე ადასტურებს, რომ პროგნოზირებადი, მშვიდობიანი გარემო განვითარების ერთადერთი წინაპირობაა.

მაგრამ სტაბილურობა არ არის მოცემულობა, ის ყოველდღიური ბრძოლით მიიღწევა. ბოლო წლები საქართველოსთვის სერიოზულ გამოცდად იქცა. გლობალური წესრიგის, უსაფრთხოების არქიტექტურის რღვევისა და რეგიონში მიმდინარე ომების ფონზე, იყო არაერთი მცდელობა, რომ საქართველო ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ნაწილი გამხდარიყო.

პოლიტიკური თუ საინფორმაციო ზეწოლა, სანქციების მუქარა და ქუჩის რადიკალიზაცია - როგორც გაცხადდა, ეს იყო კარგად გათვლილი ჯაჭვი. ქვეყანამ რამდენჯერმე გადალახა კარგად ორგანიზებული რევოლუციის მცდელობა, რომლის უკანაც იკითხებოდა ინტერესი, ხელისუფლება შეცვლილიყო ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე.

სახელმწიფოს ინსტიტუციურმა სიმტკიცემ იმუშავა. ხელისუფლებამ აიღო ურთულესი პასუხისმგებლობა - შეენარჩუნებინა მშვიდობა ნებისმიერი წნეხის მიუხედავად. ეს არის სუვერენიტეტის ყველაზე მაღალი ფორმა, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და არა გარე დირექტივებით.

ახლა, როცა თაობები იცვლება და ბევრმა შესაძლოა არც იცის ამ განვლილი გზის შესახებ, ბუნებრივია, მატულობს კითხვებიც, პასუხგაუცემელ კითხვას ნაწილობრივ უკმაყოფილებაც მოსდევს და გაუგებრობაც. სწორედ ამიტომ, 14 წლის შემდეგ, ისევე, როგორც 14 წლის წინ - კვლავ ძალაშია დიალოგისა და დებატების ალტერნატივა, რომელიც ყველა უთანხმოებიდან თუ გაუგებრობიდან გამოსვლის საუკეთესო გზაა.

2012 წლის 21 აპრილს დაბადებული იდეიდან 14 წლის შემდეგ, ქართველი ხალხი სრულიად სხვა სახელმწიფოში ცხოვრობს. ეს არ არის იდეალური ქვეყანა - გამოწვევები ბევრია, ისევე როგორც მუდმივი საფრთხეები რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც ქვეყნის ადგილია. მაგრამ მთავარი განსხვავება მაინც დამოკიდებულებაშია.

ალბათ ამიტომაც ხდება, რომ უკვე 4-ჯერ საპარლამენტო არჩევნებში, 4-ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და 3-ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირა და თქვა - დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აღარ მართავს შიში. ეს არის სახელმწიფო, რომელმაც მთავარ მიზნად საკუთარი ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და სტაბილურობის დაცვა აქცია. გზა 2012 წლის 21 აპრილიდან 2026 წლის 21 აპრილამდე ბრძოლით დაიწყო და დღეს სუვერენული, მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებით გრძელდება.

დღის ამბები