ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯეფრი კეროლიმ Washington Hilton-ში სროლის შემდეგ, მედიასთან განცხადება გააკეთა და თავდასხმის დეტალზე ისაუბრა.
"დაახლოებით საღამოს 20:36 წუთზე პიროვნება თავს დაესხა ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის გამშვებ პუნქტს, აქ სასტუმროს ჰოლში. თავდამსხმელი შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და დანებით. გამშვები პუნქტის დარღვევის მცდელობისას, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მისი შეჩერება შეძლეს. ამ ეტაპზე გამოძიება საწყის ფაზაშია. ჩვენთვის ცნობილია, რომ სამართალდამცველებსა და თავდამსხმელს შორის მოხდა ორმხრივი სროლა. ასევე, ვიცით, რომ ტყვია მოხვდა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფიცრის ჯავშანჟილეტს, ის სამკურნალოდ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება ადრეულ სტადიაზეა, ადგილზე მუშაობენ საიდუმლო სამსახურის, დედაქალაქის პოლიციისა და FBI-ის წარმომადგენლები, თუმცა ამ მომენტისთვის იკვეთება, რომ ის მოქმედებდა მარტო და საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს," - განაცხადა ჯეფრი კეროლიმ.
ცნობისთვის, სასტუმროში, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები ჟურნალისტებთან ერთად ვახშმობდნენ, ცეცხლი გახსნეს. თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე მყოფი ამერიკის პრეზიდენტის, პირველი ლედის, ვიცე-პრეზიდენტის და ადმინისტრაციის წევრების ევაკუაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა. საიდუმლო სამსახურმა და აშშ-ის უსაფრთხოების სხვა ორგანოებმა ალყა შემოარტყეს სასტუმროს საბანკეტო დარბაზს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი ტრამპის გამოსვლას ელოდებოდა.
მოტივი უცნობია, თავდამსხმელი დაკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. მედია წერს, რომ ის ტორენსში მასწავლებელი იყო და ვიდეო-თამაშებიც ქმნიდა. მსროლელის ფოტო სოციალურ ქსელში მოგვიანებით, თავად დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, საქმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.