კოლუმბიის ოლქის პროკურორმა, ჯანინ პირომ, Washington Hilton-ში სროლის შემდეგ, მედიასთან განცხადება გააკეთა. მან თავდასხმის დეტალზე ისაუბრა.
"ამ პიროვნებას განზრახული ჰქონდა ადამიანების დაზიანება. დარბაზში ათასობით პირი იყო შეკრებილი აშშ-ის პრეზიდენტის მოსასმენად. არავინ დაშავებულა, ეს გამშვები პუნქტის დამსახურებაა, რომელიც უშუალოდ ამ დარბაზთან იყო განთავსებული. სრულიად ნათელი იყო საით მიემართებოდა ბრალდებული. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი FBI და დედაქალაქის პოლიცია გვყავს, ყველა მათგანმა ისე სწრაფად იმოქმედა, რომ თავიდან აგვაცილეს ის, რაც შეიძლება საშინელ ტრაგედიად ქცეულიყო. ბრალდებულს ბრალს ორშაბათს, 27 აპრილს, ფედერალურ საოლქო სასამართლოში წარუდგენენ, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდებების რაოდენობა კიდევ გაიზრდება," - განაცხადა კოლუმბიის ოლქის პროკურორმა, ჯანინ პირომ.
ცნობისთვის, სასტუმროში, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები ჟურნალისტებთან ერთად ვახშმობდნენ, ცეცხლი გახსნეს. თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე მყოფი ამერიკის პრეზიდენტის, პირველი ლედის, ვიცე-პრეზიდენტის და ადმინისტრაციის წევრების ევაკუაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა. საიდუმლო სამსახურმა და აშშ-ის უსაფრთხოების სხვა ორგანოებმა ალყა შემოარტყეს სასტუმროს საბანკეტო დარბაზს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი ტრამპის გამოსვლას ელოდებოდა.
მოტივი უცნობია, თავდამსხმელი დაკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. მედია წერს, რომ ის ტორენსში მასწავლებელი იყო და ვიდეო-თამაშებიც ქმნიდა. მსროლელის ფოტო სოციალურ ქსელში მოგვიანებით, თავად დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, საქმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.