"ერთმანეთის სისხლის დაღვრაზე გველაპარაკებიან. ეს არ არის ის მშვიდობიანი დამხობა, ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ბლოკირება, - პირდაპირ სიტყვა "ომი" ახსენა. ყოვლად დაუშვებელია, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ და ასეთი ტიპის შანტაჟსა და მუქარას ავრცელებენ საქართველოს მოსახლეობაში," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელიც კვლავ პოლიტიკური განხილვის თემად რჩება.
თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ თუ მიზანი სისხლის ღვრა და სამოქალაქო ომია, საქართველოში ამის გამკეთებელი ადამიანები არ არიან.
"ეს ყველაფერი მომდინარეობს მათი ხელმძღვანელობიდან, ვინც ამ დირექტივებს იძლევა, ისინი ქართველ ხალხს არ იცნობენ. ჩვენ საგნობრივი საუბრისთვის დიდი ხანია ვართ მზად და სულ ამას ვეუბნებით. ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ ვილაპარაკებთ ფაქტებზე და არა აღქმებზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, გნებავთ თბილისში, გნებავთ ბრიუსელში, - მზად ვართ, ბურთი მათ მხარესაა. თუ სისხლის ღვრას ან სამოქალაქო ომს აპირებენ, მაგის გამკეთებელი ხალხი აქ არ არის," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.