დღეს, საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარის ერთი მოწმე, 20 ივნისის დაზარალებული გამოიკითხა.
პროკურატურის განცხადებით, საბოლოოდ, ბრალდების მხარე მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი გახარიას ბრალეულობას დაადასტურებს.
"დღეს დაიკითხა ერთ-ერთი დაზარალებული, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა მოვლენები ვითარდებოდა 2019 წლის 20 ივნისს მიმდინარე აქციაზე. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის პოზიცია არის, რომ საქმეში წარმოდგენილი არ გახლავთ მტკიცებულებები და მხოლოდ ეს გვესმის და სხვა გარემოებებზე, რა თქმა უნდა, ვერ საუბრობს დაცვის მხარე. მოცემულ საქმეზე, გარდა მოწმეების ჩვენებებისა, ბრალდების მხარეს გამოთხოვილი აქვს არაერთი მტკიცებულება, ამოღებული არის არაერთი ნივთიერი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის არის მასალა, რომელზეც ვერ ვისაუბრებ. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები წარმოდგენილი არის სასამართლოში. აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულ იქნება შესაბამისი წესით და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ თითოეულის შინაარსში ვერ შევალ, ვინაიდან მიმდინარეობს საქმის სასამართლოში არსებითად განხილვა და ვერ შევეხები შინაარსს. თუმცა, საბოლოოდ, ბრალდების მხარე მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადასტურებს გიორგი გახარიას ბრალეულობას", - აცხადებს პროკურორი მარიამ გიგაური.
გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.