03 აგვისტო 2026,   17:11
ვრცლად
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს - ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე 2 მედალია

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე 2 მედალია. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში გოდერძი ბერდელიძემ 125 კილოგრამია დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, რამინ შამილიშვილმა კი ბრინჯაო აიღო.

ტურნირში 45 ქვეყნის 350 ძალოსანი მონაწილეობს. კონტინენტის პირველობის გახსნას სპორტის მინისტრი დაესწრო.

"ოფიციალურად გაიხსნა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ბათუმელებს, იმიტომ, რომ ევროპის და ძალოსნების ყურადღება დღეს ბათუმზეა გადმოტანილი. ამ ევროპის ჩემპიონატზე უპრეცედენტო გუნდები მონაწილეობენ, 45 გუნდით არიან წარმოდგენილი ევროპის ქვეყნები და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისევე მაღალ დონეზე იასპარეზებს ამ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, როგორც აქამდე ბევრჯერ გაუხარებია ქართველი გულშემატკივარი," - აღნიშნა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ.

"ჩვენმა სპორტსმენებმა დღეს გვასახელეს, გოდერძი ბერდელიძემ და რამინ შამილიშვილმა ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სპორტსმენები, ვინც არიან დარჩენილნი ასპარეზზე გამოსასვლელად, აუცილებლად გაგვახარებენ და თავს არ დაზოგავენ იმისთვის, რომ უფრო მაღალი სინჯის მედლები მოიპოვონ," - განაცხადა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა ტალახაძემ.

"ეს არის საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. გულწრფელად მსურს მადლობა გადავუხადო სპორტის მინისტრს. საქართველო საოცარი ქვეყანაა დიდებული სტუმართმოყვარეობით, რასაც ევროპულ ძალოსნობაში „ქართული მასპინძლობა“ ჰქვია," - აღნიშნა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ასტრიტ ჰასანმა.

დღის ამბები