04 აგვისტო 2026,   02:31
ვრცლად
ეს არის დაგეგმილი, ხშირ შემთხვევაში დაფინანსებული პოლიტიკა, მიმართული საზოგადოების რღვევისკენ, რასაც სჭირდება შესაბამისი კონტრ-პოლიტიკის გატარება - ირაკლი ქადაგიშვილი ახალი საინიციატივო ჯგუფის წინადადებაზე

"უცხოური აგენტურის მიზანია ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა" - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა ამ ყველაფერს კანონის ჩარჩოებში უნდა დაუპირისპირდეს, მათ შორის, კანონმდებლობის მოწესრიგებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საინიციატივო ჯგუფის წინადადებაზე მმართველი გუნდი აქტიურად იმსჯელებს. 

საუბარია ინიციატივაზე, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას. ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფი წინა კვირას შეიქმნა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საზოგადოების რღვევისკენ მიმართული ქმედებები კოორდინირებული პროცესის ნაწილია. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების საპასუხოდ შესაბამისი პოლიტიკის გატარებაა საჭირო, თუმცა საკითხის სამართლებრივი რეგულირებისას ზღვარი ფრთხილად და გონივრულად უნდა განისაზღვროს.

"ეს არის დაგეგმილი, კოორდინირებული, ხშირ შემთხვევაში დაფინანსებული პოლიტიკა, მიმართული იქითკენ, რომ საზოგადოების რღვევა, ატომიზაცია მოახდინონ. საზოგადოებას, რომელსაც არ აქვს არაფერი წმინდა, საზოგადოებას, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ავტორიტეტი თავის ისტორიაში თუ გინდა აწმყოში, აწმყოსთან მიმდინარეობაში, ასეთი საზოგადოება ყოველთვის არის ადვილად დასამორჩილებელი და სამართავი. აქედან გამომდინარე, ამას სჭირდება შესაბამისი კონტრ-პოლიტიკის გატარება. კანონი ამას როგორ დაარეგულირებს, გეთანხმებით, რომ ზღვარი არის ძალიან გონივრულად და ფაქიზად გასასვლელი", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები