04 აგვისტო 2026,   07:32
ვრცლად
საერთაშორისო ტერორიზმი და ფიცი "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერების ნებისმიერი დავალების შესასრულებლად - რას გეგმავდა საქართველოში დაკავებული ISIS-ის ორი წევრი

ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ სპეცოპერაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც ჩატარდა. სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

კონტრტერორისტული ცენტრი წინასწარ ფლობდა ინფორმაციას საქართველოში მათი შემოსვლისა და მიზნების შესახებ.

ირკვევა, რომ დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ცალ-ცალკე გადმოლახეს და შემდეგ ერთად, ნაქირავებ სახლში დაბინავდნენ.

ბრალის გასაცნობად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე იმყოფებოდა სახაზინო ადვოკატი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველმა მოადგილემ, უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ორი პირის დაკავების პარალელურად, ამოღებულია "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები. დანაშაული 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, სასამართლო პროცესი კანონით გათვალისწინებულ ვადაში გაიმართება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ უწყება, საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების გატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

დღის ამბები